„დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“


„დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“

30 ოქტომბერს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს-სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრმა პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, დარგობრივი ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ გახსნეს. კონფერენციის მიზანი დუალური პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ საკითხზე ბიზნესის ჩართულობით მაღალი რანგის დისკუსიის გამართვა იყო. 
კონფერენცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო“ შემაჯამებელი ღონისძიება იყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის მიზანიც დუალურ პროფესიულ განათლებაში ჩართულ მხარეებს შორის დიალოგისა და კოორდინაციის მიზნით პლატფორმის შექმნა, ასევე, დუალური განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ ტიპის განათლების დანერგვისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაა. საბჭოში ჩართულები არიან, როგორც საჯარო უწყებების, ასევე დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.
კონფერენციის „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ მიმდინარეობისას გაიმართა 3 პანელური დისკუსია, ერთ-ერთ პანელში, როგორც აღნიშნული საბჭოს წევრმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ქ-მა ია ერაძემ. დისკუსიის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საჯარო/კერძო სექტორების წარმომადგენლებმა განიხილეს საკოორდინაციო საბჭოს როლი და მიზნები, იმსჯელეს პროფესიული განათლების შესახებ კანონის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე (აღნიშნული კანონი 2018 წლის 20 სექტემბრიდან შევიდა ძალაში) და ბიზნესისა და პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლობაზე.