ხშირად დასმული კითხვები

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პასუხები თქვენს კითხვებზე ატარებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს და მათ არ გააჩნიათ იურიდიული დოკუმენტის ძალა

რა განსხვავებაა ავტორიზაციასა და აკრედიტაციას შორის?

ავტორიზაციის გზით დაწესებულება მოიპოვებს საგანმანათლებლო საქმიანობის უფლებას. იმისათვის, რომ დაწესებულებამ პირს მიანიჭოს კვალიფიკაცია, ის უნდა იყოს ავტორიზებული. რაც შეეხება აკრედიტაციას, ის ეხება კონკრეტულ პროგრამას და არა სასწავლებელს. შესაძლოა სასწავლებელს ჰქონდეს აკრედიტებული და არააკრედიტებული პროგრამები, თუმცა ყველა შემთხვევაში გაცემული დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

როგორ გავიგოთ, არის თუ არა სასწავლებელი ავტორიზებული?

მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თქვენს მიერ შერჩეული სასწავლებელი ავტორიზებულია. ამისათვის არსებობს რამოდენიმე გზა:
1. მოთხოვოთ სასწავლებლის ადმინისტრაციას ავტორიზაციის საბჭოს მიერ ავტორიზაციის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება (როგორც წესი ის დაწესებულების ვებ-გვერდზეც უნდა იდოს);
2. უფრო სანდო გზაა ეწვიოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე სასწავლებლების რეესტრს და შეამოწმოთ არის თუ არა ჩამონათვალში თქვენს მიერ არჩეული დაწესებულება. ამისათვის ისერგებლეთ შემდეგ ბმულით:
http://eqe.ge/geo/register/vet_institutions

როგორ გავიგოთ თუ რომელი პროგრამები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ?

სახელმწიფო განსაზღვრავს პრიორიტეტულ სპეციალობებს და აფინანსებს ამ სპეციალობებზე სწავლებას. დაფინანსების წესის შესხებ იხილეთ ბმულები;
http://eqe.ge/uploads/LawsRegulaions/188VET.pdf
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1613925

რას ნიშნავს პროფესიული განათლების საფეხურები?

საქართველოში განსაზღვრულია პროფესიული განათლების ხუთი საფეხური. პირველი საფეხური საკმაოდ შეზღუდულ კომპეტენციებს გულისხმობს და ძირითადად სხვისი ზედამხედველობის ქვეშ, ერთგვაროვანი სამუშაოს შემსრულებელ სპეციალისტებს ამზადებს. შემდეგ საფეხურებზე კომპეტენციები თანდათან იზრდება. მეხუთე საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი გარდა სპეციალობის სიღრმისეული ცოდნისა, ფლობს მენეჯერულ უნარებს და შეუძლია სხვების მუშაობის დაგეგმვა და მართვა. ამასთან მეოთხე და მეხუთე საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს უფლება აქვს თვითონ ასწავლოს პროფესიულ პროგრამებზე.  

აქვს თუ არა ყველა საფეხური ყველა პროფესიას?

უმეტეს შემთხვევაში არა აქვს. თუ რომელ პროფესიას რომელი საფეხურის კვალიფიკაცია შეესაბამება, ეს განსაზღვრულია შესაბამისი პროფესიული სტანდარტით. მაგალითად, მღებავის პროფესია მაქსიმუმ მეორე და მესამე საფეხურებს ითვალისწინებს, ხოლო ბანკის ოპერატორისათვის მხოლოდ მეხუთე საფეხურია განსაზღვრული. პროფესიული სტანდარტები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
http://eqe.ge/geo/education/professional_education/occupational_standards_list

შემიძლია თუ არა ვისწავლო პროფესიის უმაღლეს საფეხურზე?

ეს შესაძლებელია თუ ფლობთ წინა საფეხურების კვალიფიკაციას, მათი არსებობის შემთხვევაში.

როგორ უნდა ჩავაბაროთ პროფესიულ პროგრამაზე?

პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურები შემუშავებულია შესაბამისი პროგრამის განმახორციელებლი სასწავლო დაწესებულების მიერ. როგორც წესი, პროგრამაზე ჩასარიცხად საჭიროა საბაზო განათლების პროგრამის (9 კლასი) დასრულება. თუმცა ზოგიერთი პროგრამა ადგენს უფრო მაღალი საფეხურის განათლების მოთხოვნებსაც. მეოთხე ან მეხუთე საფეხურის პროგრამებზე სწავლის დასაწყებად ან გასაგრძელებლად პირს მოეთხოვება ზოგადი უნარების გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა.

განსხვავდება თუ არა სასერთიფიკატო და პროფესიული პროგრამები?

დიახ, განსხვავდება. სასერთიფიკატო პროგრამებისაგან განსხვავებით, პროფესიული პროგრამის გავლის გზით პირს ენიჭება კვალიფიკაცია და გაიცემა დიპლომი. ამ შემთხვევაში მისი განათლება აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. სასერთიფიკატო პროგრამის გავლის გზით პირი ვერ მიიღებს კვალიფიკაციას. მასზე გაიცემა სერთიფიკატი, რაც არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დოკუმენტს.
არსებობს თუ არა კვალიფიკაციის მოპოვების სხვა გზა?

კვალიფიკაციის მოპოვების სამი გზა არსებობს:

1. პროგრამის გავლა ავტორიზებულ სასწავლო დაწესებულებაში;
2. არაფორმალური განათლების აღიარება;
3. პროფესიული გადამზადება.

რას ნიშნავს არაფორმალური განათლების აღიარება?

არაფორმალური განათლება არის სასწავლების გარეშე, არაფორმალურ გარემოში მიღებული განათლება რასაც ვერ ადასტურებთ დიპლომით. მაგალითად, საქმე, რომელიც სხვისგან ან სასერთიფიკატო კურსების გავლის გზით ისწავლეთ: ბუღალტრობა, მზარეულობა, ავტომანქანის შეკეთება, დურგლობა და სხვა. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს მიერ მიღებული არაფორმალური განათლების აღიარება, რაც დასაშვებია მხოლოდ პირველი სამი საფეხურის ფარგლებში.

როგორ ხდება არაფორმალური განათლების აღიარება?

არაფორმალური განათლების აღიარებას ახორციელებენ ის საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება. ამისათვის დაწესებულებას უნდა მიმართოთ განაცხადით და წარუდგინოთ ყველა დოკუმენტი, რაც ადასტურებს თქვენს მიერ არაფორმალური განათლების ფლობას. დოკუმენტებზე დაყრდნობით, ასევე გამოცდის ჩატარების ან თქვენს მიერ შესაბამისი უნარების დემონსტრირების შემდეგ დაწესებულებას უფლება აქვს სრულად გიღიაროთ არაფორმალური განათლება, ან აღიაროს ის ნაწილობრივ ან უარი გითხრათ აღიარებაზე.

რას ნიშნავს პროფესიული გადამზადება?

პროფესიული გადამზადება არის ახალი კვალიფიკაციის მოპოვების ერთ-ერთი გზა. თუ თქვენ უკვე ფლობთ რომელიმე კვალიფიკაციას და გსურთ ახალი კვალიფიკაციის მიღება მონათესავე სფეროში, შეგიძლიათ გაიაროთ პროფესიული გადამზადების კურსი და უფრო მოკლე დროში მიიღოთ ახალი კვალიფიკაცია. აუცილებელია, რომ ამ დროს სწავლის (ცოდნის, უნარების და ღირებულებების) შედეგების 50% ან მეტი თქვენს არსებულ და ახალ კვალიფიკაციას შორის იყოს იდენტური. 

რით განსხვავდება პროფესიული კოლეჯი და საზოგადოებრივი კოლეჯი?

პროფესიული კოლეჯი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროგრამები. საზოგადოებრივი კოლეჯი კი ხუთივე საფეხურის პროგრამებს ახორციელებს. გარდა ამისა, მხოლოდ საზოგადოებრივ კოლეჯს აქვს უფლება განახორციელოს მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენის და ლიბერალური განათლების პროგრამები.

რა არის მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა?

მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა გულისხმობს სრული ზოგადი განათლების პროგრამის სწავლებას იმ პირებისათვის, რომლებმაც დაამთავრეს 12 კლასი მაგრამ ვერ მიიღეს სრული ზოგადი განათლების ატესტატი.

რა არის ლიბერალური განათლების პროგრამა?

ლიბერალური განათლების პროგრამა ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად. სტუდენტი პროფესიული პროგრამის პარალელურად გადის ბაკალავრიატის ცალკეულ სასწავლო კურსებს, რომელიც მას ჩაეთვლება შესაბამის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში. ლიბერალური განათლების პროგრამის გავლის შედეგად კურსდამთავრებულს ენიჭება ასოცირებული ხარისხი. 

ვისთვის არის განკუთვნილი ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა?

ქართულ ენაში მოსამზადებელი პროგრამის მიზანია არაქართულენოვანი პირების მიერ ქართული ენის ცოდნისა და შესაბამისი უნარების შეძენა იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაძლევად;

რისთვის უნდა ვისწავლოთ პროფესიულ სასწავლებელში?

პროფესიული სასწავლებელი და კერძოდ საზოგადოებრივი კოლეჯი გაძლევთ საშულებას ადრეულ ასაკში გადაწყვიტოთ და თქვენი მომავალი კარიერა დაუკავშიროთ რომელიმე დარგის და კონრეტული პროფესიის შეძენას.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავებულია დღევანდელი საბაზრო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ორიენტირებულია პრაქტიკულ საქმიანობასთან და უმოკლეს დროში შესაძლებლობას გაძლევთ თეორიულად და პრაქტიკულად აითვისოთ კონკრეტული პროფესია და დასაქმდეთ.
ასევე კოლეჯში მიღებული ცოდნა დიდი ნაბიჯია აკადემიური პროგრამების დაძლევისა და შემდგომი კარიერის შექმნის გზაზე.

როგორ ავირჩიოთ საგანმანათლებლო პროგრამები?

თითოეული საზოგადოებრივი კოლეჯის ვებ გვერდზე განთავსებული საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი, გამოცხადებული აქვთ აბიტურიენტთა მიღების ვადები და პირობები. პროფორიენტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სასწავლებლებს ან უმჯობესია ადგილზე მიიღოთ ამომწურავი ინფორმაციები. ასევე პროფესიონალი კონსულტანტები მოგეხმარებიან პროფესიის შერჩევაში და გაგაცნობენ სასწავლო პროგრამებს.